Thursday, April 19, 2012

ბონსაი და ნიადაგის მიქსის ექსპერიმენტი

მოკლედ, დღეს ჩავატარე ერთი ექსპერიმენტი, რომელზეც მინდა მოგიყვეთ.

ფიჭვი
ვეძებდი ბონსაისთვის საჭირო ნიადაგის მიქსებს სხვადასხვა საიტებზე. ბოლო დღეების ძიებისას მივაგენი ორ საკმაოდ სერიოზულ საიტს, bonsaiempire.com და bonsai4me.com. პირველი უფრო კლასიკური მეთოდების განხილვაა, მეორე პრაქტიკული მეთოდების კრებულია, სხვადასხვა ჯიშებისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიებით, ხის ზრდის თანმიმდევრული ფოტოებით და შედარებით დაწვრილებითი ინფორმაციით.


როგორც გაირკვა სხვადასხვა ჯიშის ბონსაის სხვადასხვანაირი ნიადაგი სჭირდება. ვერავინ გეტყვის ნიადაგის რა ტიპის მიქსია უფრო უკეთესი, თუმცა დასაწყისისთვის ყველას სტანდარტული მიქსი სჯობია. (როგორც გავიგე სტანდარტული მიქსიც ბევრნაირია ;)) პირველ რიგში კომპონენტებზე გავამახვილოთ ყურადღება.

აკადამა - ვულკანური წარმოშობის იაპონური ნიადაგი. როგორც ამბობენ საუკეთესოა თითქმის ყველა ტიპის მიქსისთვის. ქიმიურად ინერტულია, წყალს კარგად იწოვს და ფესვებისთვის ბუნებრივ გარემოს ქმნის. დროთა განმავლობაში აკადამა ჩვეულებრივ მიწად გარდაიქმნება და ამიტომ შეცვლას ითხოვს. ერთი პრობლემა აქვს ამ კომპონენტს, საკმაოდ ძვირია და საქართველოში როგორ უნდა იშოვო, წარმოდგენა არ მაქვს. :) (ინტერნეტით გამოწერა და ა.შ. არაპრაქტიკული მგონია)

პემზა - ესეც ვულკანური წარმოშობის მინერალია (მინერალია თუ ნაერთი? გეოლოგიაში დუპლეტი ვარ). პემზასაც საკმაოდ აქებენ ნიადაგის მიქსისთვის, ზუსტად იმ თვისების გამო, რისთვისაც აკადამას - წყალს იკავებს და ნიადაგის აერაციას აუმჯობესებს, თუმცა მარტო შემავსებელის და დრენაჟორის ფუნქცია აქვს.

დამსხვრეული აგური - აკადამას და პემზას იაფი და პრაქტიკული ალტერნატივა. წყალსაც იკავებს, აერაციასაც აუმჯობესებს. გამოიყენება 3-10 მმ-ის ზომის ნატეხები. (ზომას ბონსაის ზომის მიხედვით შევარჩევთ)

ქვიშა (მდინარის, აკვარიუმის, სხვადასხვა ფაქტურის)

დაფშვნილი ფიჭვის ქერქი - ნიადაგის ორგანული კომპონენტია. ბონსაის ნიადაგს ტენიანობის შესანარჩუნებელი ნივთიერება სჭირდება, პლიუს ორგანულ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც მწენარეს სჭირდება. საიტებზე წერია ძალიან წმინდად დაფშვნილს ნუ გამოიყენებთო.

ბოლოს, რაც ყველგან წერია დიდი შრიფტით - ნუ გამოიყენებთ ქოთნის (ყვავილების) მიწას, ბაღის თიხიან ნიადაგს ან სილას.

რაც შეეხება ჯიშების მიხედვით ნიადაგის მიქსებს.

ნეკერჩხალი - წმინდა აკადამა. საიდან მოვიტანო აკადამა? :) ცარიელ პემზაში და აგურის ნამტვრევში ვერ იხარებს. ამიტომ ვფიქრობ დაფხვნილი პემზის (ან აგურის ნამტვრევის), ფიჭვის ქერქის და ყვავილების მიწის ნარევი ივარგებს პროპორციით 50:30:20 (ეს ვარიანტი, როგორც აკადამას ალტერნატივა, შემდეგ ვიპოვე სხვა ბონსაის ფორუმზე);

თელა - აკადამა - 60%, შემავსებელი - 40%;
ღვია - აკადამა - 50%, შემავსებელი - 50%;
ფიჭვი - მიახლოებით აკადამა - 55%, შემავსებელი - 45%;
წიფელი - წმინდა აკადამა ან მცირე რაოდენობით შემავსებელი;
ლარიქსი - აკადამა - 70%, შემავსებელი - 30%;

აქედან დასკვნა შეიძლება გააკეთო - წიწვოვან ჯიშებს შედარებით მეტი შემავსებელი სჭირდებათ, ფოთლოვანებს - უფრო ორგანული ნივთიერების შემცველი ნიადაგი.

საერთოდ, საკმაოდ დიდი ხანია შემიძლია ვთქვა, რომ ბონსაი ჩემს ჰობია. დაახლოებით რვა წლის წინ დავიწყე ცაცხვის გაზრდა კონტეინერში. წელს უკვე ჩამოყალიბებული ფორმა უნდა ჰქონოდა. უბრალოდ ზამთარში ძალიან გამიცივდა და გაზაფხულზე კვირტი აღარ ამოიტანა. არადა ფორუმებზე რეკომენდირებული იყო ზამთარში გარეთ დატოვება. მეც გავაქანე შემოდგომაზე ოთახში შემოტანილი ხე აივანზე და თოვლს ვუმარჯვებდი და შედეგიც არ დაგვიანდა. :) გაზაფხულზე უკვე კონტეინერიდან ამოსაღები და გადასაგდები გახდა.

წელს, კობას წყალობით ბონსაისთვის საკმაოდ მისაღები ფორმის ფიჭვს მივაგენი. ამის გარდა კიდევ სამი ფიჭვი წამოვიღე სახლში და ჯერჯერობით ქოთანში დავრგე. ფიჭვების გახარება საკმაოდ მიჭირდა ხოლმე, წელს თავისი საცხოვრებელი ადგილიდანვე წამოვუღე ნიადაგი. ჯერჯერობით წინსვლა გვაქვს. კვირტები ნელ-ნელა იზრდება. ფავორიტი ფიჭვი რომელიც იყო გავსხალი და ფორმა მივეცი მავთულით. დანარჩენი ორი ქოთანში დავრგე და უბრალოდ გავსხალი. ფორმა ჯერჯერობით ვერ წარმომიდგენია როგორი უნდა ქონდეს.

დღეს მე და მაკა წავედით ტყეში. ორი მუხის, სამი ნეკერჩხლის და ერთი პანტის ნერგი ამოვთხარეთ. დიდ ფიჭვებს უკვე დაძველებული ქერქი ავაცალეთ და წამოსვლისას მაკამ პემზაც იპოვა. როგორც ინატრო, ზუსტად ისე. :)

ფიჭვის ქერქები ჯერ ჩაქუჩით დავნაყეთ, მერე დაბლენდერება ვცადეთ ძველი ბლენდერით, ოღონდ მაიას რო არ დავენახეთ ისე :) გადავარჩიეთ შედარებით წვრილი და მსხვილი ფაქტურა. პემზა დავამსხვრიე ~3-5 მმ-ის ზომის გრანულებად და ეს ყველაფერი ტყის მიწაში ავურიეთ პროპორციით 40:20:40 (ქერქი,პემზა,მიწა). გამოვიდა საკმაოდ საინტერესო შესახედაობის მასა, რომელიც ძალიან ჰგავს იმ ნიადაგის მიქსს, რომელზეც ფორუმებში წერენ.

ნერგები პატარა კონტეინერებში ჩავრგეთ, მოვრწყეთ და ჩრდილში დავაწყეთ. არ ვიცი, რამდენად გაიხარებენ, ფოთლები უკვე გამოტანილი აქვთ და შეიძლება დაგვიანებული იყოს, მაგრამ ვნახოთ..

საღამოს შევხედე და ფოთლები გაცოცხლებული უჩანთ.

დანარჩენზე მერე. :)